მომხმარებელზე ცენტრირებული დიზაინი, ან UCD (User-centered design) უფრო მოკლედ, ითვალისწინებს თქვენი გეგმების, სტრატეგიების და მიდგომების მომხმარებლების ინტერესებზე მორგებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია ონლაინ ბიზნესის ოპერირებაში, თუმცა ამ ასპექტში წარმატება თითქმის ყოველთვის გულისხმობს ზოგადად ორგანიზაციის წარმატებულობასაც.
თითქმის ყოველთვის, ბიზნეს მფლობელები ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ რამდენიმე მაჩვენებელზე, რომლებიც მათი აზრით წყვეტენ თუ რამდენად წარმატებულია ბიზნესი. მათ შორის ორი ყველაზე გავლენიანი ROI (return on investment) და KPI (key performance indicator) არის.
მაგრამ, ბუნებრივია ბიზნესის წარმატება საერთოდ არაა მათზე პირდაპირ დამოკიდებული. პირველ რიგში, ორგანიზაციას უნდა შეეძლოს რაიმე კუთხით სიტუაციის გაუმჯობესება ამა თუ იმ ინდუსტრიაში, მომხმარებლებისთვის ისეთი რამის შეთავაზება რაც აქამდე მათთვის მიუწვდომელი იყო.
UCD ზოგადად მომხმარებელზე ცენტრირებულობის ერთ-ერთი ნაწილია. თუ თქვენი ორგანიზაციის დანარჩენი ნაწილებიც ზუსტად აუდიტორიის ინტერესებზეა ორიენტირებული თვითონ UCD-ც უფრო ეფექტური ხდება. შეეცადეთ შეხედოთ თქვენ კომპანიას და მის სერვისებს როგორც ერთ სრულ კომპლექტს. რასაკვირველია, თუ შიდა ელემენტები შეკავშირებულია მაშინ მთლიანობაც ბევრად უფრო გამოკვეთილი ხდება.
დრო და რესურსები
ერთი მიზეზი თუ რატომაც აიგნორებს ბევრი ორგანიზაცია ისეთ საკითხებს როგორებიცაა ხელმისაწვდომობა, ეთიკა, გამოყენებადობა და UCD არის ის იდეა რომ ჩამოთვლილები დამატებით დროს და რესურსებს მოითხოვენ - მიღებული შედეგი კი ამად არ ღირს.
თუმცა, საქმე პირიქითაა. ყოველი ნახსენები არეალი გიზოგავთ როგორც დროს ისევე რესურსებს. მაგალითისთვის შეგვიძლია UCD განვიხილოთ. როდესაც დიზაინის პროცესის საწყის ეტაპზევე ხდება პრობლემის აღმოფხვრა, ეს ბევრად უფრო ნაკლებ დროსაც და რესურსებსაც ითხოვს. რაც მეტ ეტაპს ამთავრებთ ამ პროცესში, მით უფრო რთული ხდება ამგვარი შეცდომების კომპენსაცია.
იმ შემთხვევებში, სადაც ორგანიზაციები უგულებელყოფენ ამ საკითხს მათ უწევთ ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა, მოთხოვნების უარყოფა და ხშირად სამიზნო აუდიტორიის მნიშვნელოვანი სეგმენტების დაკარგვაც.
ეს არცაა გასაკვირი, დღესდღეობით საქართველოშია იშვიათია ონლაინ კომპანიები რომლებიც უამრავ არასაჭირო დაბრკოლებას არ უქმნიან საკუთარ მომხმარებლებს. შესაბამისად, უპრობლემო გამოცდილების შეთავაზება საკუთარი მომხმარებლებისთვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გარკვეული ნდობის მოპოვებისკენ.
ნდობა კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ROI-ს, KPI-ს და მსგავსი მაჩვენებლების კუთხით. იშვიათად, რომ ადამიანები ეძებდნენ აბსოლუტურად უცნობ ბრენდებს, ძირითადად ერთსა და იმავე კომპანიებთან აქვთ კავშირი. ეს მხოლოდ იცვლება როდესაც გარკვეული ორგანიზაციის ნდობას კარგავენ ან რომელიმე ინდუსტრიასთან პირველად აქვთ შეხება.
ზუსტად ამიტომ, იმ ხალხისთვისაც რომლებსაც მხოლოდ მოგება აინტერესებს, მომხმარებლების ინტერესების ბიზნესის ქვაკუთხედად გახდა საკმაოდ ეფექტურია. მხოლოდ ნავიგაციის კუთხით რომ განვიხილოთ საკითხი, მომხმარებელი რაც უფრო მალე და ადვილად ახერხებს კონვერსიამდე მისვლას მით უფრო უკეთესი იქნება ეს მაჩვენებლები. უკეთესი ნავიგაციისთვის კი საჭიროა საიტი როგორც ფუნქციონალურად, ასევე დიზაინის მხრივ გამართული იყოს და მომხმარებელს აძლევდეს საშუალებას იოლად გაუმკლავდეს დაბრკოლებებს.
საწყისი ნაბიჯები
უპირველესყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ რომ UCD-ზე მთელმა გუნდმა უნდა გააკეთოს აქცენტი. როგორც კი რომელიმე ჯგუფი უგულებელყოფს მას, დანარჩენებსაც და პროდუქტსაც ან სერვისსაც პრობლემები ექმნება. ამიტომაც, საჭიროა ამ პროცესში, ნებისმიერი პროექტის დასაწყისიდანვე, ჩართოთ როგორც დიზაინერები, ასევე დეველოპერები.
დამატებით, საჭიროა უშუალოდ მომხმარებლებისგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოგროვება. პირველ რიგში, საჭიროა გამოყენებადობის ტესტების ხშირად ჩატარება. თუმცა, ამასთანავე შეგიძლიათ გამოკითხვები ჩაატაროთ ან სოციალური მედიის პოსტები განათავსოთ, იმეილები გააგზავნოთ, ა.შ. მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მაინც უნდა გამონახოთ, რომელიც გადახედავს თქვენ საიტს უცხო თვალით.
ასევე, რეკომენდირებულია ჩამოწეროთ სხვადასხვა პრობლემები რომლებსაც წააწყდებით საწყის ეტაპებზე. შესაძლოა ისინი მეტწილად უმნიშვნელო იყოს, ან ამ ეტაპზე არ გქონდეთ საშუალებები მასთან გასამკლავებლად, მაგრამ, მომავალში შესაძლოა უფრო ხელსაყრელ ვითარებაში ხელახლა სცადოთ მისი მოგვარება.
აქვე ავღნიშნავთ, რომ თუ ვთქვათ ბრეინსტორმინგმა, სკეჩინგმა და მსგავსმა მიდგომება გაამართლა მასშტაბურ სირთულესთან მიმართებაში, მაშინ შეგიძლიათ პროტოტაიპინგით დაიწყოთ მუშაობა. პროტოტაიპინგი გამოსადეგია მაშინაც თუ ვერ ხვდებით რამდენად გაამართლებს ესა თუ ის მიდგომა.
შეჯამება
UCD არ არის ერთჯერადი პროცესი, რომელსაც დაამთავრებთ და შემდეგ მომხმარებელზე ცენტრირებული პლატფორმა გექნებათ. ეს უფრო გავს ციკლებს, რომელშიც გიწევთ გარკვეული გადმოსახედიდან და დამატებითი ყურადღებით მიუდგეთ სხვადასხვა დაბრკოლებებს.
როდესაც გარკვეულ შეცდომას გამოასწორებთ, შესაძლოა ამას მოყვეს ახალი პრობლემები, ამიტომაც საქმე დასრულებულად იშვიათად ითვლება.
აქვე დავამატებთ, რომ ეს ციკლები დაგეხმარებათ ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რადგან მოგიწევთ სხვადასხვა ტიპის სირთულეების აღმოჩენა და მათთან გამკლავება.
სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, UCD არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციის შესაქმნელად, რაც დაგეხმარებათ რომ მართლა შეიტანოთ პოზიტიური წვლილი სხვების ონლაინ გამოცდილებაში. საპასუხოდ, თქვენ გექნებათ დამატებითი საშუალებები რომ პროფესიონალურად და კარიერულად განვითარდეთ და განავითაროთ თქვენი ბრენდიც.