UX ნებისმიერი ვებსაიტის თუ ციფრული პროდუქტის ცენტრალური ნაწილია. ერთი მხრივ, სასიამოვნო UX დამსახურებით შესაძლებელია მომხმარებლების ერთგულების და კმაყოფილების მოპოვება, რაც კონვერსიებსაც ზრდის, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მეორე მხრივ, თუ UX დაბალი ხარისხისაა ეს შესაძლებელია მომხმარებლების გაღიზიანებით, ინტერესის დაკარგვით, ან ბრენდზე უარყოფითი წარმოდგენის ჩამოყალიბებით დასრულდეს.
ამ ბლოგში განვიხილავთ UX-ის გავლენას, ისევე როგორც იმ მრავალ ასპექტს, რომელსაც კარგი UX ითვალისწინებს. მომხმარებულზე ცენტრირებული დიზაინით დაწყებული და კონტენტის დახვეწით დამთავრებული, ჩვენ გავარჩევთ თუ როგორ შეაქვს თითოეულს წვლილი სასიამოვნო UX-ში. განხილული იქნება პრაქტიკული რჩევებიც და სტრატეგიებიც, რომელთა მიზანიცაა დაგეხმაროთ თქვენი ბრენდის დამკვირდრებაში და ახალი მომხმარებლების მიზიდვაში.
მომხმარებელზე ცენტრირებული დიზაინი
რასაკვირველია ყველაფერი ისევ მომხმარებლების საჭიროებებზე, მოთხოვნილებებზე და ხანდახან ინტერესებზე დაიყვანება. რაც ნიშნავს იმას, რომ გასათვალისწინებელი გაქვთ გეგმები, სტრატეგიები, ინტერაქციის ტიპები, რას უნდა აარიდოთ თავი, ა.შ. როდესაც პირველ რიგში მომხმარებელზე ფიქრობთ, ბევრად ადილი ხდება ისეთი გამოცდილების შეთავაზება მათთვის, რომელიც ფუნქციონალურადაც გამართულია და საინტერესოცაა.
მაგალითად, თუ ვებსაიტის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა, მაშინ ნათელ და ლაკონურ კონტენტზე, მარტივ ნავიგაციაზე და ელემენტების მოწესრიგებულ განლაგებაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. თუ მიზანი პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაა, მაშინ პროდუქტზე ორიენტირებული სურათების, ადვილად გასაგები კალათის სისტემის და მარტივი გადახდის პროცესის პრიორიტიზირება უნდა მოხდეს.
გამართული ნავიგაციური სისტემა კი ვიზიტორებს ხელს შეუწყობს საჭირო ინფორმაციის მარტივად პოვნაში, რაც შეამცირებს გაღიზიანების ან დაბნეულობის ალბათობას, ეს კი ბუნებრივია მოქმედებს UX-ზე. გამართულში ვგულისხმობთ სისტემას, რომელიც არაა არასაჭიროდ გაწელილი, არ მოიცავს ბევრ გვერდს ან მენიუს. შესაბამისად, როდესაც მენიუს ქმნით შეეცადეთ ის ინტუიციური გახადოთ, დაალაგეთ კონტენტი გარკვეული მახასიათებელის მიხედვით.
ტექნიკური დეტალები
იმისათვის, რომ სხვადასხვა მოწყობილობებზე ადაპირებადი იყოს თქვენი ვებსაიტი საჭიროა შესაბამისი ცვლილებების წინასწარ დაგეგმვა. მობილურის მომხმარებლების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს, ამიტომაც ამ საკითხს დიდი დრო და რესურსები უნდა დაუთმოთ.
ნელი ვებსაიტი კი უამრავ პრობლემას ქმნის. თუ საკმარისად მალე არ ჩაიტვირთება (3 წამზე ნაკლებში) მომხმარებლები ინტერესს კარგავენ, შესაძლოა საერთოდ გაღიზიანდნენ კიდევაც. თუმცა, მათ ემოციურ რეაქციას რომ თავი დავანებოთ, ნელი ვებსაიტი ძალიან დააზიანებს თქვენს SEO მონაცემებს, ისევე როგორც ბრენდის რეპუტაციას ასოცირებული გაღიზიანების გამო.
კონტენტის დახვეწა
Whitespace-ს თუ ეფექტურად გამოიყენებთ შეგიძლიათ მომხმარებლების ყურადღება მიმართოთ ვებ-გვერდის ცენტრალურ კომპონენტებზე. ორი სიტყვით, whitespace ან negative space, ცარიელი სივრცეა ვებ-გვერდზე განთავსებულ ელემენტებს შორის. გონივრულად მათი განლაგება დაეხმარება მომხმარებელს ტექსტის მარტივად წაკითხვასა და გაგებაში. ამის მიღწევა შესაძლებელია კონტენტის იერარქიულად განაწილებით, ისევე როგორც არასაჭირო ელემენტების ამოღებით.
გამოიყენეთ მარტივად გასაგები ენა, რომ მომხმარებლებს არ გაუჭირდეთ ნავიგაცია თქვენს ვებსაიტზე (რაც ბუნებრივია გაღიზიანებას იწვევს). მინიმალისტური მიდგომა ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია. ზედმეტად კომპლექსური ან მასშტაბური კონტენტი საკმაოდ რთულად აღსაქმელია, რაც ინტერესის დაკარგვას იწვევს. ეცადეთ უფრო ზუსტი ენა გამოიყენოთ, მარტივად გადმოსცეთ სათქმელი და ამოიღოთ არასაჭირო ინფორმაცია.
გრძელი წინადადებები ხშირად აბნევს და აზრს უწყვეტს მკითხველს. აღქმადობის გასაუმჯობესებლად მოკლე და ზუსტი წინადადებები გამოიყენეთ, მარტივი ტერმინებით. ჟარგონი საკმაოდ ბევრისთვისაა გაუგებარი. როდესაც ფართო აუდიტორიისთვის წერთ კონტენტის სტილიც შესაბამისი უნდა იყოს.
ასევე აზრიდან აზრზე ხშირად ნუ გადახტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტის გაგება შეუძლებელი გახდება. ფოკუსირდით მთავარ სათქმელზე და თემას ხშირად ნუ შეცვლით. და ბოლოს, მოერიდეთ ვნებით გვარს. ეცადეთ წინადადებების მხოლოდ დაახლოებით 20% იყოს ვნებით გვარში, თუ ამის საშვალება არის.
ბრენდინგი და უკუკავშირი
თანმიმდევრული ბრენდინგი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია, დამატებით კი UX-საც უფრო დამამახსოვრებელს ხდის. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი ვებსაიტის დიზაინი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას უნდა ასახავდეს. რაც ითვალისწინებს თანმიმდევრულ ფერების პალეტს, ტიპოგრაფიას და სურათების გამოყენებას.
დამატებით, არ დაგავიწყდეთ ტესტების გავლენა UX-ზე. მათი საშუალებით შესაძლებელია მნიშნელოვანი უკუკავშირის მიღება და ამ უკუკავშირზე რეაგირება. ამისთვის შეგიძლიათ კითხვარები, ლაივ ტესტები ან A/B ტესტები გამოიყენოთ. ამგვარი გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ მიიღოთ მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, უკეთ გაარკვიოთ რა მუშაობს და რა არა.
დასკვნა
მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ კარგი UX ერთჯერად გადაწყვეტილებებზე არაა დამოკიდებული, ის უფრო გრძელვადიანი მიდგომების შედეგია. ერთადერთი გზა კი, რომლითაც ეს მიღწევადია, მომხმარებლების სურვილების უკეთესად გაგებაა.
არ ერიდოთ ექსპერიმენტირებას და ახალ-ახალი რამეების გაკეთებას. ამავრდოულად, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მიზანი პოზიტიური და დამამახსოვრებელი UX-ის შეთავაზებაა აუდიტორიისთვის.