ბლოკჩეინის ისტორია სათავეს იღებს 1991 წელს, როდესაც სტუარტ ჰაბერმა და სკოტ სტორნეტმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფდა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ისეთი სახით შენახვას, რომ მათი გაყალბება შეუძლებელი გამხდარიყო (მაგ. არასწორი დათარიღება). ჰაბერმა და სტორნეტმა კრიპტოგრაფიის გამოყენებით შექმნეს კომპიუტერული სისტემა, სადაც დოკუმენტები ვირტუალურ ბლოკებში ინახებოდა. ყოველი ახალი ინფორმაცია სისტემაში ახალი ბლოკის სახით ემატებოდა. თუ ვინმე შეცვლიდა დოკუმენტის გარკვეულ ნაწილს, ეს სისტემაში ახალი ბლოკის სახით აღიბეჭდებოდა, ძველი კი უცვლელად დარჩებოდა. ახალი და ძველი ბლოკები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, რაც მომხმარებელს დოკუმენტის მთელი ისტორიის ნახვის საშუალებას აძლევდა.
მომდევნო წლებში სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწა, რამაც შესაძლებელი გახადა ერთ ბლოკში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ერთდროულად შენახვა. შედეგად, ბლოკჩეინის სისტემა უფრო მიმზიდველი გახდა, რადგან გაამარტივა შინაარსობრივად დაკავშირებული ინფორმაციის ერთიანად მოგროვება. მაგალითად, კომპანიას შეუძლია, თითოეულ მომწოდებელთან შექმნას ცალკეული ბლოკები და ყველა საჭირო დოკუმენტი (შეკვეთის ბრძანება, მიღება-ჩაბარების აქტი, გენერალური კონტრაქტი და სხვა) ერთ ადგილას შეინახოს.
2004 წელს ჰალ ფინიმ შექმნა ციფრული ფულის სისტემა „Reusable Proof of Work“, რომელიც ბლოკჩეინის ინდუსტრიაში გარდამტეხი მოვლენა იყო. ეს სისტემა საშუალებას იძლეოდა, თითოეულ ფულის ერთეულს (ტოკენს) ჰყოლოდა საკუთარი მფლობელი. თუ მფლობელი გამოიყენებდა ტოკენს რაიმეს შესაძენად, ტოკენის მფლობელი შეიცვლებოდა. ეს ნიშნავს, რომ ტოკენს ერთი პირი რამდენჯერმე ვერ გამოიყენებდა.
დეცენტრალიზაცია – ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული სისტემაა, რაც ნიშნავს, რომ ტრანზაქციის განსახორციელებლად მესამე მხარის ჩართვა (მაგ. ბანკი, ნოტარიუსი) საჭირო არ არის. სისტემა მასში არსებული წევრების (კვანძების) დახმარებით ადასტურებს გარიგებული პირების ნამდვილობას.
უსაფრთხოება და უცვლელობა – ბლოკჩეინში ყველა ქმედება ცხადი და უცვლელია. ახალი ქმედების დამატების შემდეგ მისი დაშიფრული ჩანაწერი სისტემის ყველა მონაწილესთან ავტომატურად ინახება, რაც გარიგების გაყალბების ან წაშლის საფრთხეს აქრობს.
სიცხადე და მიკვლევადობა – ბლოკჩეინში ყოველი ახალი ქმედება ავტომატურად დაკავშირებულია წინასთან, რაც ქმნის გარიგებების თანმიმდევრულ ჯაჭვს. ქმედებათა ჯაჭვი ყველა მონაწილესთან ინახება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნონ მონაცემების ისტორიას დასაბამიდან დღემდე. ეს ბლოკჩეინს განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის კომპანიებისთვის მიწოდების ჯაჭვის ან წარმოების უკეთესი და ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით.
ჭკვიანი კონტრაქტი – ჭკვიანი კონტრაქტი ბლოკჩეინის სისტემაში ჩაწერილი გარიგებებია, რომელთა პირობები ავტომატურად სრულდება. გარიგებაში წინასწარ გაწერილი პირობების შესრულებისას სისტემა ავტომატურად აღიქვამს კონტრაქტის ნაწილობრივ ან მთლიანი შესრულებას. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გარიგებით განსაზღვრული პირობების შესრულება მესამე მხარის გარეშე მეთვალყურეობით განხორციელდეს.
საჯარო ბლოკჩეინი (Public Blockchain) – ნებისმიერს შეუძლია ამ სისტემაში მონაწილეობა დამატებითი შეზღუდვების გარეშე. კრიპტოვალუტების უმეტესობა მუშაობს საჯარო ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით.
კერძო ბლოკჩეინი (Private Blockchain) – სისტემის მმართველებს შენახულ მონაცემებზე წვდომის მხრივ სხვადასხვაგვარი ზედამხედველობა შეუძლიათ. კერძო ბლოკჩეინის სისტემებს ძირითადად ის ორგანიზაციები იყენებენ, რომლებიც მრავალმხრივ და სხვადასხვა პირთან დაკავშირებულ ინფორმაციას ინახავენ.
კონსორციუმის ბლოკჩეინი (Consortium Blockchain) – კონსორციუმის ბლოკჩეინი საჯარო და კერძო სისტემების ნაზავია. ოპერაციების დადასტურება წინასწარ შერჩეული კვანძების ან მათი ჯგუფის მიერ ხდება. ასეთ სისტემებს ძირითადად ბანკები და სახელმწიფო დაწესებულებები იყენებენ, რომლებსაც თითოეული ტრანზაქციის დასადასტურებლად შესაბამისი კვანძი ჰყავთ გამოყოფილი.
მიწოდების სექტორი – ბლოკჩეინი მიწოდების ჯაჭვის ერთიანად მართვას ხელს უწყობს. მისი მახასიათებლების გამო, მცირეა მონაცემების დაკარგვის, ხელით დაშვებული შეცდომების ან თაღლითობის საფრთხე. მაგალითად, კომპანია Walmart IBM-თან თანამშრომლობით იყენებს ბლოკჩეინის სისტემას ჩინეთიდან ღორის ხორცის წარმოშობისა და მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც ინფორმაციის სისწორესა და განაწილების სისწრაფეს უზრუნველყოფს.
ჯანმრთელობის დაცვა – ბლოკჩეინის ტექნოლოგია პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების უსაფრთხოდ და სრულად შენახვას უზრუნველყოფს, რაც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს შორის მონაცემთა გაცვლის პროცესს აადვილებს. მაგალითად, Medicalchain მუშაობს ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა დაწესებულებასთან, რათა შექმნას პაციენტების ყოვლისმომცველი სამედიცინო ჩანაწერები.
საბანკო სისტემები – ბლოკჩეინი ბანკებისთვის თაღლითობისა და კიბერშეტევების საფრთხის შემცირებას უწყობს ხელს. სისტემა გაამარტივებს „Know Your Customer“ (KYC) პროცესს, რაც ფულის გათეთრების სქემებთან კლიენტის შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. ბლოკჩეინის სისტემები, მაგალითად, საშუალებას მისცემს ბანკებს და სხვა ორგანიზაციებს, KYC ფორმები ერთიანად და დაცულად შეინახონ.
გასართობი ინდუსტრია – ბლოკჩეინი გასართობ ინდუსტრიაში სხვადასხვა სახის სარგებელს იძლევა. მაგალითად, ბილეთებით ვაჭრობა ბლოკჩეინის საშუალებით შემოსავლის გარკვეულ პროცენტს ღონისძიების მომწყობთა ანგარიშზე ავტომატურად გადარიცხავს. ასევე, Microsoft იყენებს ბლოკჩეინის სისტემას სათამაშო უფლებებისა და როიალტების მართვისთვის.
ბლოკჩეინის სისტემების დანერგვა სახელმწიფოებისთვის გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, მათ შორის ზედამხედველობის საშუალებების დაკარგვას. ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის გამო, მთავრობებისთვის რთულია ფინანსური კანონების აღსრულება ფულის გათეთრების, გადასახადების თავიდან აცილების ან სხვა უკანონო ქმედებების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბლოკჩეინის სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანზაქციებზე თვალის მიდევნების გარეშე, რაც ტერორისტული და სხვა არაკანონიერი ქმედებების დაფინანსებას ამძაფრებს.
ამ საფრთხეების შესამცირებლად, საჭიროა სახელმწიფოებმა განავითარონ რეგულაციები, რომლებიც ბლოკჩეინ სისტემაში განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრას, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ნაბიჯებსა და სხვა თემებს მოიცავს. მაგალითად, აშშ-ში და გაერთიანებულ სამეფოში კრიპტოვალუტა ფასიანი ქაღალდების მსგავსად რეგულირდება. სხვა ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, სინგაპური და ავსტრალია, ასევე დაწესებულია კრიპტოვალუტის რეგულაციები.
ბლოკჩეინის სისტემების გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გავრცელდება, რაც ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს.