როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე იწყება საუბარი ძირითადად ორი კატეგორიის დიალოგთან გვაქვს საქმე ან (1) ტექნოლოგია გადაგვარჩენს და ჩვენ ძირითად პრობლემებს გადაჭრის ან (2) სამსახურს წაგვართმევს და სიღარიბის ბევრად გაუარესებულ სტატისტიკასთან გვექნება საქმე. მიუხედავად იმისა რომ ორივე ტიპის რეაქცია გასაგებია ეს მოლოდინები უსაფუძვლოა.
პირველ რიგში ის პრობლემები რაც ძველი წელთაღრიცხვით 6 საუკუნიდან აქტიურად განიხილებოდა სხვადასხვა წყაროებში ანალოგიურად მწვავეა დღესაც. მაგ: დღევანდელი კოგნიტურ ბიჰევიორისტული თერაპია დაფუძნებულია სტოიციზმის ელემენტარულ კონცეფციებზე და ამავდროულად კვლევების მიხედვით ყველაზე სანდო ტიპის თერაპიაა.
მეორე მხრივ კი რთულია ვიპოვოთ რაიმე სახის მოტივაცია, თუნდაც ყველაზე მდიდარი ადამიანების მხრიდან, რომ საკუთარი თავი საფრთხის წინაშე დააყენონ და მიზანმიმართულად გამოიწვიონ სიღარიბის კრიზისი. დღეს პრაქტიკულად ყველა მილიარდელი ცდილობს ქველმოქმედებით გაიუმჯობესოს საკუთარი იმიჯი.
რას ნიშნავს ეს დიზაინერებისთვის?
ამ საკითხშიც ორ ბანაკად იყოფა ძირითადად მოსაზრებები. ზოგი ფიქრობს რომ ეს კარიერა დაღუპვის წინაა, ზოგი კი პირიქით.
რადგან ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მე გთავაზობთ მოსაზრებას იმის შესახებ თუ რატომ არის კონკრეტულად ეს სფერო, დიდი ალბათობით, დაცული მსგავსი საფრთხისგან; შემდეგი მიზეზების გამო:
ჩვენ მომხმარებელს სჭირდება ნამდვილი ხალხი
გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული ხელსაწყოები იმისთვის რომ ვებ გვერდი ააწყოთ რამდენიმე კითხვაზე პასუხით. შეიყვანეთ თქვენი ინდუსტრია, რამდენიმე ფაქტი თქვენს ბიზნესზე და მეტიც ბევრი არაა საჭირო, თქვენი გვერდი დამზადდება.
მაგრამ ეს ორგანიზაციების უმეტესობისთვის საკმარისი არ არის. ესეთი მიდგომა მხოლოდ ზოგადი და უინტერესო გენერალიზაციებით იფარგლება; შემოქმედებოთობის გასაქანი აქ არ არის.
იმისთვის რომ ვებ გვერდი იყოს ეფექტური ის უნდა იყოს ზედგამოჭრილი როგორც მომხმარებლისთვის ასევე თქვენი ბიზნეს პარტნიორებისთვისაც. რამდენიმე შაბლონით ვერ დააკმაყოფილებთ სპეციფიურ მოთხოვნებს, რომლებიც აძლევენ სხვადასხვა ბრენდებს საშუალებას რომ საკუთარი პროდუქტი განსხვავებულად წარმოაჩინონ. უნიკალურობა ასე იკარგება და სწორედ ორიგინალურობაა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მაღალი დონის დიზაინში. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მომხმარებელმა ხანდახან საერთოდ არ იცის რა უნდა სანამ ვინმე არ ჩაეკითხება რაიმე საკითხთზე. საუკეთესო ჩეტ ბოტებიც კი გამოუსადეგარები არიან ამ მიმართულებით. უბრალოდ, პირდაპირი მნიშვნელობით, შეუძლებელია ყველაფერი გათვალო (MacIntyre, 1981).
ხელოვნური ინტელექტი უფრო ეფექტურად მუშაობაში დაგვეხმარება, ის ვერ შეცვლის ადამიანურ განსჯას
ადვილი წარმოსადგენია ისეთი დიზაინური პროცესი სადაც რაიმე პროგრამა წინასწარ ამზადებს როგორც კოდს ასევე ფერებს, ფორმებს, ა.შ. ასეთ შემთხვევებში ხალხს უჭირს იმის წარმოდგენა თუ რა რჩება ადამიანების ხელში.
ჩვენ უკვე ვხედავთ ასეთ ხელსაწყოებს, მაგალითად, Photoshop-ში, სადაც სახეების ამოცნობა ან ცის შეცვლაა რამდენიმე ღილაკით შესაძლებელი. ზოგისთვის ეს გასაოცარია, ზოგისთვის - საშიში.
მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რა მიზნით იქმნება ესეთი ფუნქციები და ხელსაწყოები. აქ ბევრად აშკარა ხდება ის ფაქტი რომ ისინი არიან ასისტენტები და არა შემცვლელები. თქვენ უშუალოდ ირჩევთ რა ელემენტით ხართ დაინტერესებული, რა ფუნქციას ეძებთ, ა.შ. ამ სვლებში დომინირებს თქვენი არჩევანის უნარი. ესეთი ხელსაწყოები გთავაზობენ საშუალებებს, მიზნებს თქვენ ირჩევთ.
ამ ყველაფრის ახსნა უფრო ფრთხილი პესიმისტებისთვის არაა საკმარისი. არაა აუცილებელი თვლიდე რომ კრიზისი გველის იმის საფიქრელად რომ სამუშაო საათები და საქმე შემცირდება - შესაბამისად ხელფასებიც. დამატებითი საშიშროებაა ის რომ მომხმარებლისთვის ზედმეტად ადვილი გახდება ამ ყველაფრის გამოყენება და პროექტის შენებას თვითონვე დაიწყებენ.
ესენი ბევრად უფრო მისაღები შიშებია თუმცა მათზე პასუხი ადვილი გასაცემია. პირველ რიგში იყო დრო როდესაც ხალხს კოდის დაწერა ხელით უწევდა და უელემენტარულეს კომპიუტერებზე მუშაობდნენ. პრაქტიკულად იდენტურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. როდესაც სფერო ვითარდება ხშირად იქ ჩნდება დამატებითი ფუნქციები, საშუალებები და პოტენციალები. ხელით კოდის წერა აღარაა აქტუალური თუმცა ზოგადად კოდის წერა უფრო მოთხოვნადია ვიდრე ოდესმე ყოფილა; ეს კი იმის გათვალისწინებით რომ ამ სპეციალობამ უამრავი გარდაქმნა გაიარა.
მეორე რიგში კი - რთულია დავინახოთ მიზეზები იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა გაიზარდოს მოთხოვნა უფრო კომპლექსურ პროექტებზე თუ მათი შესრულების პროცესი ასე გამარტივდება. ეს უბრალოდ კვალიფიკაციის დონეს გაზრდის, რომელსაც ახალგაზრდები მარტივად გაუმკლავდებიან. ერთ დროს პითაგორას თეორემა ინოვაციური მიგნება იყო, დღეს კი - პატარა ბავშვებიც ითვისებენ მას.
ადაპტაცია - როგორც ყოველთვის
თუ დიდიხანია ვებ დიზაინის საქმით ხართ დაკავშირებული გეცოდინებათ რომ ეს სფერო მუდამ განიცდის ევოლუციას, ხან მნიშვნელოვანი კუთხით ხან უმნიშვნელოთი. თუმცა ცვლილება გარდაუვალია. ხელოვნური ინტელექტიც ზუსტად ეს იქნება - ცვლილება. შესაძლოა ბევრად აღსანიშნავი ვიდრე სხვა ნებისმიერი, თუმცა რთულია დავინახოთ თუ რა მიზეზით ჩაძირავს ის ამ ინდუსტრიას.
ვებ დიზაინის გარდაუვალი ნაწილია საკუთარი თუ სხვისი შეცდომების შესწორება, საქმის თავიდან დაწყება, ახალ-ახალი უნარების ათვისება. ჩათვალეთ რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემებიც მეტს არაფერს მოითხოვს თქვენგან; ზუსტად იმას რასაც მთელი კარიერა აკეთებდით.